Russian English
ჭალადიდის გაფიცული მასწავლებლები, „ძალიან მითხოვია“ დირექტორი და ბეატრისა რესურს-ცენტრიდან
პარასკევი, 02 12, 2016 - 14:54
ხობის რაიონის რეგიონალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში პედაგოგები გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნა დირექტორის - ირმა ხარშილაძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება იყო. არსებული ინფორმაციით, პედაგოგები დირექტორს სკოლაში არ უშვებდნენ  და გზაც გადაუკეტეს. გზის გადაკეტვა და პედაგოგთა გაფიცვა მას მერე შეწყდა, რაც საქმეში ხობის  რესურს-ცენტრი ჩაერია. რესურს-ცენტრის უფროსის ბეატრისა რუსიას  განცხადებით,  იგი დეტალებში ერკვევა.   რაც მთავარია, ბრძანა რუსიამ,  მიღწეულია ის, რომ  სასწავლო პროცესი აღდგა.
Mediacity.ge ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდის დირექტორს ირმა ხარშილაძეს დაუკავშირდა:
- რატომ გადაგიკეტეს მასწავლებლებმა გზა და რა მიზეზით მოითხოვენ თქვენს გადაყენებას?
- ნომრალური სიტუაციაა, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
- უკაცრავად, ნორმალური სიტუაცია რა არის, გზის გადაკეტვა?
- არა, არანაირი პრობლემა არ არის. სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
- მასწავლებლები რატომ დაგიპირისპირდნენ?
- მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ყველაფერი წესრიგშია.
- თქვენს გადადგომას არ ითხოვდნენ?
- ძალიან მითხოვია, კარგად ბრძანდებოდეთ.
ეს „ძალიან მითხოვია“  და სხვა ლინგვისტური წიაღსვლები სკოლის დირექტორისგან არ შევიმჩნიეთ და ამჯერად განათლების სამინისტროს დავუკავშირდით. ამ უკანსკნელმა გვთხოვა ხობის რაიონის რესურს-ცენტრისთვის მიგვემართა. Mediacity.ge ამჯერად ხობის რაიონის რესურს-ცენტრის უფროსს ბეატრისა რუსიას დაუკავშირდა. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი  ჩვენს ზარებს ხან არ პასუხობდა, ხან ტელეფონს თიშავდა.  ბოლოს, როგორც იქნა გვიპასუხა და ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ემცნო, ტრასაზე ვარ და   ვერ გადავგდგებიო. 
ვითარებაში გასარკვევად  Mediacity.ge ხობის გამგებელს  გოჩა ქაჯაიას დაუკავშირდა.
- ბატონო გოჩა, იქნებ თქვენ მაინც აგვიხსნათ, რა ხდება ჭალადიდის სკოლაში?   
- ისეთი არაფერი მანდ. შეიძლება რაღაც კონფლიქტი  მოხდა მასწავლებელსა და დირექტორს შორის. რაც მთავარია, სასწავლო პროცესი აღდგა.
- დირექტორსა და რამდენ მასწავლებელს შორის?
- არ ვიცი. რესურს-ცენტრის დირექტორი გეტყვით.
- რესურსცენტრის დირექტორი ტრასაზე მანქანას აყენებს, უფროსწორედ ვერ აყენებს.
- ეგ რა შუაშია?
- ჩვენც ეგ ვკითხეთ, მაგრამ ტელეფონი გაგვითიშა.
- იცით, მე ვიცი, რომ ყველაფერი მოგვარებულია და სერიოზულ არაფერს მანდ ადგილი არ ჰქონია.
ასეა თუ ისე, მთელს ამ ამბავში ერთადერთი საჯარო მოხელე, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აღმოაჩნდა ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია აღმოჩნდა. ისე საინტერესოა, თუ მასწავლებლების გაფიცვა და გზის გადაკეტვა (როგორც რეგიონული საინფორმაციო იუწყებოდა) „არაფერი სერიოზული“ არ არის,  მაშინ სერიოზული რა არის!
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.