Russian English
ექსკლუზიური ინტერვიუ რაულ ჰაჯიბმასთან: „აფხაზეთს აუცილებლად აღიარებენ, ეჭვიც არ მეპარება“
პარასკევი, 02 12, 2016 - 21:28
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ჰაჯიბმამ მოსკოვში ვიზიტამდე რუსულ გამოცემა „Актуальным комментариям” ინტერვიუ მისცა, სადაც აფხაზეთის ფორმირების პროცესზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 
- ბატონო რაულ, 18 თებერვალს დაგეგმილია თქვენი ვიზიტი მოსკოვში, სადაც ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვდეთ. ეს ძველი შეთანხმების გაღრმავებასთან იქნება დაკავშირებული თუ რამე ახალი თემის ირგვლივ მოხდება კონცენტრირება? 
- 2015 წლის 5 მარტს შესდგა აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკება ურთიერთკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, სამომავლო პერსპექტივების თვალსაზრისით. აუცილებლად უნდა განვიხილოთ განხორციელების გზები და დეტალურად დავამუშავოთ შეთანხმების დეტალები. აქვე უნდა ავღნიშნო ისიც, რომ შეთანხმება უკვე ძალაში შევიდა და მაგალითისთვის მოვიყვან, რომ ჩვენს პენსიონრებს დანამატები და სოციალური დახმარებები უკვე გაეზარდათ.
ასევე, ჩვენ დაინტერესებულები ვართ აფხაზურ-რუსული საზღვრის გადაკვეთის მსურველთათვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები. ამ საკითხით ორივე მხარის წარმომადგენლები არიან დაინტერესებულნი, ვინაიდან საზღვარზე არსებული პრობლემები და გრძელი რიგები, სერიოზულ დისკომფორტს უქმნის როგორც ჩვენს, ასევე რუსეთის მოქალაქეებსაც. განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში. შარშანდელმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ამ პრობლემის გადაჭრა სრულიად შესაძლებელია. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც საზღვრის გადაკვეთის მსურველთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა, ეს კი საკონტროლო გამშვები პუნქტისთვის ტექნიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა. ტურისტული ნაკადი იმატებს, ამიტომ საჭიროა ყველანაირად ვუზრუნველყოთ ამ საკითხის მოგვარება. 
არის კიდე მთელი რიგი განსახილველი საკითხები. მათ შორის სარკინიგზო ვალის გადახდის, ენერგეტიკის სფეროს განვითარების, აფხაზეთის ეკონომიკური ინვესტიციის, სასოფლო სამეურნეო დარგისა და ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების.
- შარშანდელი წელი თქვენთვის საერთაშორისო კონტაქტებით გაჯერებული  აღმოჩნდა. ამ კუთხით რა პრიორიტეტები გესახებათ? 
- პირველ რიგში, ეს ეხება ეკონომიკას. და ამ მხრივ არა მხოლოდ მაღალ ეშელონებთან კონტაქტია ნიშვნელოვანი, არამედ უშუალოდ რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კავშირის არსებობა. მნიშვნელოვანია ისეთი ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს მოიზიდავს. აგრარული სექტორის კუთხით ურთიერთობას ვალაგებთ თათარსტანთან. შემოთავაზებების გვაქვს ჩეჩნეთიდან, ჩერქეზეთიდან,  ადიღენიდან, ყაბარდო-ბალკარეთიდან და ჩრდილოეთ ოსეთიდან. პერსპექტივები საკმაოდ იმედის მომცემია და ურთიერთობის კონკრეტული გეგმაც შემუშავებული გვაქვს. 
- თქვენ სასოფლო-სამეურნეო სფერო ახსენეთ. ამ მხრივ აფხაზეთი საკმაოდ პროდუქტიულია. თუმცა მოდით ისიც  ვაღიაროთ, რომ აფხაზეთი მხოლოდ მანდარინებით არის ცნობილი. ამასთანავე, პროდუქციის ეკოლოგიურ სისუფთავეს დღეს მთელი მსოფლიო აკვირდება. რამდენად დაუთმობს აფხაზეთი სათანადო ყურადღებას საკუთარ ბრენდს? მუდმივად ციტრუსებით ხომ არ გახვალთ ფონს?
- დავიწყოთ იმით, რომ დიდი რაოდენობით სოფლის პროდუქტის წარმოება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. რუსული ბაზრის მოთხოვნილებას ჯერჯერობით ვერ დავაკმაყოფილებთ. ამიტომ, რაოდენობაზე არ ვართ გადართულები, მხოლოდ ხარისხზე ვაკეთებთ აქცენტს. აქ მარტო ციტრუსების წარმოებაზე არ ვსაუბრობ. გვექნება ხურმაც, კივიც და ფეიხოაც. ეს ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი პროდუქციაა. ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობაში ინვესტიცირება ყოველდღიურად იზრდება. ინვესტიციების უმრავლესობა ბიჭვინთისა და ოჩამჩირეს რეგიონებზე მოდის. ასევე იზრდება აფხაზური ღვინისადმი ინტერესიც. 2015 წელს რუსეთში 20 მილიონი ბოთლი ღვინო ჩავიტანეთ და ექსპორტის გაზრდის პერსპექტივაც არსებობს. აფხაზეთის კლიმატური პირობები მეცხოველეობისა და მეთევზეობის სფეროების სათანადოდ ათვისების საშუალებასაც გვაძლევს. 
- განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო ტურიზმია. მთელი სოჩა გადავსებულია სარეკლამო ბანერებით, რომლებიც მსურველებს აფხაზეთში ეპატიჟება. თუმცა ამისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურაა საჭირო.  კარგი იქნებოდა, ამ კუთხით გაგრისა და ბიჭვინთის გათვალისწინებაც, ვინაიდან ეს ორი ქალაქი მთავარი ტურისტული რეგიონებია.  ამისთვის საჭირო იქნება რამდენიმე სპეციფიური საკითხის მოგვარება და მათ შორის ენერგორესურსისაც. ეს  სოჭისთვისაც სასარგებლო იქნებოდა?! 
- აფხაზეთში ისეთი სახის ტურიზმი უნდა განვითარდეს, რომელიც გარდა  სეზონისა, მთელი  წლის განმავლობაში იქნება აქტუალური.  ტურისტულ ბაზარზე უნდა მოხვდეს უნიკალური „აფხაზური ნიშის“ ფორმირებაც. საქმე ეხება ბალნეოლოგური და ეკოლოგიური ეთნოკულტურის განვითარებას. მთიანი აფხაზეთი ტურისტებისთვის ამ ეტაპზე სრულიად აუთვისებელი ტერიტორიაა. ასევე გვაქვს ძალიან ბევრი კულტურული ძეგლები, მონუმენტები, ისტორიული მემკვიდრეობის ნიმუშები. აუცილებელია მუდმივად ხდებოდეს ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება. მთავარი ის არის, რომ მხოლოდ „ნოსტალგიურ ტურიზმზე“ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები და არ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც იდენტური იქნება მათთვის, ვინც ოდესღაც ბავშვობაში აქაურობას სტუმრობდა. აფხაზეთი თანამედროვე და კომფორტულ დასვენების ზონად უნდა ვაქციოთ. 
- მაგრამ ამისთვის,  ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა არ კმარა. ხალხს მარტო პეიზაჟებით ვერ მოიზიდავთ... 
- რასაკვირველია. აფხაზეთი ბევრი რამით ასოცირდება რუსეთთან და საბჭოთა კავშირის დროინდელ კულტურასთან.  ამიტომ რუსი ტურისტები აქ თავს კომფორტულად გრძნობენ. რაც შეეხება თვითონ კულტურულ მოვლენებს, აფხაზეთს ამ მხრივაც საამაყოდ აქვს საქმე. ნაციონალური კულტურის გარდა, რომელიც ძალიან უყვართ რუსეთში და სხვა ქვეყნებშიც, ჩვენთან საკმაოდ განვითარებულია კლასიკური კულტურა, კონკრეტულად კი მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება. ჩვენი გამოჩენილი საოპერო მომღერლები ხიბლა ჰერზმავა და ალისა გიცბა, მთელს მსოფლიოში არიან ცნობილები. წელს აფხაზეთში გაიმართება რიგით 50-ე საიუბილეო ფესტივალი „ხიბლა ჰერზმავა წარმოგიდგენთ“. მასში მონაწილეობას მსოფლიო დონის საოპერო ვარსკვლავები მიიღებენ და იმედს ვიტოვებთ, რუსეთის კულტურის სამინისტროც მხარს დაუჭერს ამ პროექტს. ასევე ტარდება ფაზილ ისკანდერის სახელობის ფესტივალი, სადაც კულტურის სხვადასხვა სფეროში წარმატებული ბავშვები იღებენ მონაწილეობას. გვაქვს ასევე გეგმები თეატრალური ხელოვნების გამოცოცხლების შესახებაც. 
- ამ ყველაფრის განსახორციელებლად  სათანადო კადრებია საჭირო. ეს კი საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა.
- ახალგაზრდობა განათლებას მოსკოვში და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში იღებს, მათ შორის რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. აქვე მინდა რუსეთს მადლობა გადავუხადო იმ ყოველწლიური შეღავათებისთვის, რომლებსაც იგი ჩვენს მოქალაქეებს უწესებს განათლების მიღებისთვის. ამიტომაც,  ამ მხრივ პრობლემები არ გვექნება. ახალგაზრდები პოპულარულ სპეციალობას ირჩევენ და ზუსტად ეს კადრები გვჭირდება. ანუ ისინი, ვინც აფხაზეთის აშენებაში დაგვეხმარებიან - არქიტექტორები, მშენებლები, დიზაინრები, ინჟინრები, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები და.შ.  და არა მხოლოდ ეკონომისტები, იურისტები და ფინანსისტები. გვჭირდება ექიმები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს და მკურნალობის მეთოდებს იცნობენ. სამწუხაროდ არსებობს სერიოზული ბზარი მათ შორის ვინც განათლება საბჭოთა კავშირის დროს მიიღო და ვინც ახლა იღებს. ამ პრობლემის გადალახვა მოგვიწევს და ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება. 
- აფხაზეთის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი თქვენი პოპულარული „მხიარულთა და საზრიანთა კლუბია“. ამ კუთხით ქვეყნის განვითარების ფორმატს როგორ უყურებთ? 
- ამ ბიჭებს ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ. სხვათაშორის, მათი წარმატება მხოლოდ სახელოვნებო ქმედებებით არ შემოიფარგლება. „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები“ აფზახეთის სახელმწიფო ტელევიზიაში და რადიოსადგურებში მუშაობენ. თქვენ წარმოიდგინეთ, პრეზიდენტის ადამინისტრაციაშიც არის რამდენიმე დასაქმებული. ახალგაზრდა „კავეენშიკებსაც“ იგივე მხარდაჭერას გამოვუცხადებთ და იმედი გვაქვს უმაღლეს ლიგაში მოხვდებიან. 
- მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოფენილია წარწერები, რომელიც ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების სიმბოლოა და რომელზეც გამოსახულია პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა. თქვენ მისი ერთ-ერთი მოკავშირე იყავით. დღეს რას ნიშნავს ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის ან ხალხისთვის? ნაციონალური იდენტობის შენარჩუნებას? ეროვნული კულტურისა და ენისკენ ყურადღების მიპყრობას? არძინბა ხომ გამოჩენილი მეცნიერი და ისტორიკოსი იყო. ისევე როგორც მაშინდელი მეთაურები ელჩიბეი, ტერპეტროსიანი, გამსახურდია? 
- ვლადისლავ არძინბა ელჩიბეისა და გამსახურდიასგან განსხვავებით, მიტინგის მომწყობი პოლიტიკოსი არ ყოფილა: მისი მმართველობის პერიოდში ჩვენმა ერმა დამოუკიდებლობის მოპოვება და საკუთარი სისხლის ფასად აგრესორის დამარცხება შეძლო. რაც შეეხება წარმატების მიღწევის ნიშნულს, მე როგორც აფხაზეთის პრეზიდენტს, საკუთარ მოვალეობად მიმაჩნია ვლადისლავ არძინბას მიერ დატოვებულ კურსს მივყვე და მისი დაწყებული საქმეები ბოლომდე მივიყვანო. ეს პირველ რიგში აფხაზეთის სუვერენიტეტის და კონსტიტუციის დაცვაში მდგომარეობს. პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი განსაკუთრებული პატივი მივაგოთ პირველ პრეზიდენტს. ეს არა მხოლოდ ჩვენი ისტორიაა, არამედ აწმყოც. ვლადისლავ არძინბას პოლიტიკური და ისტორიული მემკვიდრეობა - ეს აფხაზი ერის იდენტობის უმნიშვნელოვანესი დეტალია. 
- ცოტა ხნის წინ, აფხაზეთმა დაადატურა ის ფაქტი, რომ რუსეთის მოკავშირეა. რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ  თურქეთის წინააღმდეგ სანქციას შეუერთდა. ეს საკმაოდ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო და აღნიშნეს კიდეც. 
- სხვანაირად არც შეიძლებოდა. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომლის თანახმადაც ჩვენ და რუსეთი მოკავშირეები და სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ამაში შედის საშინაო პოლიტიკის და თავდაცვის სფეროებიც. ამ კურსს არა მხოლოდ სიტყვიერად, ქმედებითაც უნდა მივყვეთ. რასაკვირველია, თითოეული კაპიკი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა რუსეთთან მეგობრობის დაკარგვის ხარჯად. თურქეთთან მიმართებაში გარკვეული შეზღუდვები დავაწესეთ როგორც ეკონომიკური, ისე სხვა სფეროების კუთხითაც. მაგრამ ამასთან ერთად მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ დღემდე ვთანამშრომლობთ ჩვენს დიასპორებთან როგორც თურქეთში, ისე სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც სხვათაშორის ჩვენს მიერ გატარებულ სანქციებს გაგებით მოეკიდნენ. 
- დღეს ინტერნეტში აფხაზეთთან დაკავშირებით ნომერ პირველი თემა აკრძალული აბორტებია, რომელიც კანონის სახით ცოტა ხნის წინ შევიდა ძალაში?
- საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს. კამათი კანონის მიღების მერეც არ წყდება. არა მგონია არსებობდეს ადამიანი, რომელსაც აბორტის ფენომენი მოსწონდეს. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ჯერ არდაბადებული ბავშვის მკვლელობას მხარს არ უნდა უჭერდეს. რა თქმა უნდა იდეალურ შემთხვევაში თავად საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას მსგავსი ფაქტი. მაგრამ ამასთანავე სახემწიფომ ყველა ზომა უნდა იხმაროს იმისთვის, რომ დედა და ბავშვი დაიცვას. არ შეიძლება სამედიცინო პრობლემების იგნორირებაც. აუცილებელია ისეთი ფონის შექმნა, სადაც ახალგაზრდა დედებს ბავშვის გაჩენის სტიმულს მივცემთ.  ვგეგმავთ ახლადშექმნილ ოჯახებს დაახლოებით ორჯერ გავუზარდოთ ფინანსური მხარდაჭერა. რესურსი შეიძლება ბევრი არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით შობადობა მაქსიმალურად გავზარდოთ. 
- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა - აფხაზური უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის საკითხი. მოქალაქეების უმრავლესობა, ვისთანაც მოლაპარაკება შედგა, იმედს იტოვებს, რომ ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ფულის შემოდინებას გაზრდის. მაცხოვრებლებს ხომ დასჭირდებათ რაღაც ფორმით თავის რჩენა, ბავშვების მოვლა, მათი უზრუნველყოფა. თავისთავად ამაში გარკვეული თანხის დახარჯვა მოუწევთ? 
- ეს საკითხი მართლაც დიდი ხანია განხილვის რეჟიმშია. არსებობს მოსაზრება, რომ უძრავი ქონების ბაზრის ლეგალიზება აფხაზეთში ინვესტიციების მოზიდვის ახალი წყარო გახდება. თუმცა არსებობს საშიშროებაც, მაგრამ დაწრმუნებული ვარ ეს საკითხი სწორი მიდგომის შემდეგ აუცილებლად სასარგებლოდ გადაწყდება. ამასთან მიმართებაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ და ყველა მათგანს კარგად ვიცნობ. დარწმუნებული ვარ საერთო კონსესუსის მიღწევას შევძლებთ და ყველაფერს ჩვენივე მოქალაქეების საკეთილდღეოდ მოვაგვარებთ. 
- და ბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ, მომოვალი წლისგან რას ელით და რა გეგმები გაქვთ? 
- ყველაზე მთავარი ეკონომიკის განვითარება და სოციალური ვალდებულებების შესრულებაა. მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირებაზე ვიმუშაოთ. ამ მიზანს ნებისმიერ ფასად უნდა მივაღწიოთ და თან მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაციაც გავითვალისწინოთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ რუსეთის დახმარებით, დადებითი შედეგის მიღწევას შევძლებთ. 
მალე ადგილობრივი, ხოლო მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები გვიწევს. არჩევნები სრული კანონის დაცვით უნდა ჩატარდეს. კონკურენტებს შორის ბრძოლა კი ეთიკისა და კონსტრუქციული მიდგომის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. აფხაზეთში ყოველთვის დემოკრატია იყო და ერთმანეთის მოსმენა და პატივისცემა უნდა ვისწავლოთ. ამ ეტაპზე, როგორც საარჩევნო სისტემის,  ასევე ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმირებას ვახდენთ. თანდათანობით ვამცირებთ ჩინოვნიკების რაოდენობასაც. წინ გვაქვს კონსტიტუციური სასამართლოს რეფორმაც. რეფორმები გატარდება საბიუჯეტო სისტემაში, ბანკებში და კორუფციასთან ბრძოლის მეთოდებიც შეიცვლება. აფხაზეთი პატარა სახელმწიფოა. პატარა ერისთვის აუცილებელია გლობალიზაციის პროცესსა და ნაციონალური კულტურის შენარჩუნების პროცესში გონივრული ბალანსი. ამ მხრივ მთავარია არ ავითქვიფოთ და არც საკუთარ ნაჭუჭში გამოვიკეტოთ. პრიორიტეტები უნდა დავსახოთ და აქტიურად უნდა შევუდგეთ მათ განხორციელებას. რთულია, მაგრამ აუცილებელი, იმისთვის რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ - მოვიპოვოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სრული საერთაშორისო აღიარება. ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. აფხაზეთს აუცილებლად აღიარებენ, ამაში ეჭვიც არ მეპარება.
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.