Georgian Russian
გიგი უგულავას თანაკურსელი გიგი თევზაძე შეიძლება დაიჭირონ?!
Tuesday, 17 November, 2015 - 21:15
გიგი უგულავას ციხეში ყოფნა ბევრი სხვა პროცესის გამომწვევი გახდება, მათ შორის განათლების სისტემაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ზურაბ გაგნიძის გაცხადებით, ვინაიდან გიგი უგულავა რადიკალ-ლიბერალებთან დაახლოებული პირი იყო და მათთან საერთო ფინანსური ინტერესები ჰქონდა, გამოძიების ლოგიკა ადრე თუ გვიან, უგულავადან - თევზაძემდე, ნოდიამდე და რატიანამდეც მივა. ლიბერალების გუნდისთვის უგულავას დაჭერა ძალიან დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ჯერჯერობით მის დასაცავად აშკარად გამოსვლებს ვერ ბედავენ. გაგნიძე მიიჩნევს, რომ საკმარისია, საფრთხე მათი გუნდის წევრს დაემუქროს, რომ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ და თუ ამის რესურსი ექნათ, სახალხო გამოსვლებისა და რევოლუციისთვის მზადება დაიწყონ. კულისებში ამაზე საუბრები მიდის და ეს ვარიანტი აქტიურად განიხილება. თავის მხრივ, უნივერსიტეტის პროფესურაც აკვირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და იმ შემთხვევაში თუ უგულავა ციხეში ხანგრძლივად დატოვეს, გამორიცხული არაა, რომ პროფესურა თევზაძე-ზედანიას ტანდემს აუჯანყდეს და პირდაპირ მოითხოვოს რადიკალ-ლიბერალებისგან უნივერსიტეტის გათავისუფლება. ქართველი მეცნიერების არასოდეს აპატიებენ თევზაძესა და მის თანამოაზრეებს ქართული პოლიტიკური და საგანმანათლებლო აზროვნების განადგურებას და პოლიციური სისტემის ჩამოყალიბებას.
პროფესორი ზურაბ გაგნიძე Mediacity.ge-თან საუბარში არ მალავს იმ ფაქტს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაძლოა ფეთქებადსაშიში ვითარება შეიქმნას:
-  ცხრაწლიანმა ნაციონალურმა  რეჟიმმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა  განათლების სისტემას. სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის დარტყმის მთავარ სამიზნედ სწორედ ეს სფერო იქცა.  გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ მოსვლის მიუხედავად, სოროსელი რადიკალ–ლიბერალის ბუდედ  ქცეულ ილიას უნივერსიტეტში ბოლო დრომდე არანაირი ცვლილება არ შეინიშნება. გაჩნდა იმის განცდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი 65 დეპუტატით არა ოპოზიციად, არამედ ხელისუფლების თანამონაწილედ იქცა. საუბრობდნენ იმაზეც, რომ რესპუბლიკელების შუამავლობით გიგი თევზაძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის შედგა გარიგება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა რესპუბლიკელი მინისტრის მოადგილის პორტფელის სანაცვლოდ, ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო.
-  შესაძლოა, ახალი ხელისუფლება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების განაწყენებას მოერიდა, რომლებიც აღნიშნულ უნივერსიტეტს აფინანსებენ?
-  ხელისუფლების შეცვლიდან მოკლე დროში პროფესორ-მასწავლებლებს შორის ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ ნაციონალური მოძრაობის რადიკალ-ლიბერალური ფრთა, რომელიც უცხოეთის მხარდაჭერით სარგებლობს, ხელშეუხებელია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გიგი თევზაძის ჰეგემონია არასოდეს დასრულდება. ამ მოსაზრებას წერტილი დაუსვა თბილისის უფლებაშეჩერებული მერის დაპატიმრებამ.  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წინა მერიის მხრიდან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობდა.
- უგულავა-თევზაძის თანაკურსელობას გულისხმობთ?
- უგულავასა და თევზაძის თანაკურსელობაზე მეტად, ეს უფრო  მათი თანამოაზრეობის დამსახურებაა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თევზაძემ და მისმა გუნდმა ქართველი მეცნიერების მთელი თაობა გაამათხოვრა. გაყიდა და გაანიავა უნივერსიტეტთან შეერთებული კვლევითი ინსტიტუტების შენობები და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა. ერთ-ერთი საპარლამენტო განხილვის დროს  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელმა ივანე კიღურაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან გვამცნო ილიას უნივერსიტეტის რექტორის გიგი თევზაძის, ყოფილი კანცლერის სერგო რატიანისა და მათი მეგობრების ილიას უნივერსიტეტის მეწილეებად ქცევის შესახებ. კიღურაძემ განმარტა, რომ „თევზაძე და კომპანიამ“ სახელმწიფო ქონების დასაკუთრების მიზნით მოხერხებულად გამოიყენა სახელმწიფო უნივერსიტეტების კერძო სასწავლებლებად გარდაქმნის  გეგმა. საპარლამენტო განხილვების დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ ცნობილი გახდა ზემოთხსენებული „კომპანიის“ მიერ ილიაუნთან შეერთებული აბასთუმნის ობსერვატორიიდან ქონების გატანის შესახებაც. 81 წლიანი ისტორიის მქონე  ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია თევზაძის სასტუმროდ თუ საჯინიბოდ გადაიქცა და ყველა დოკუმენტზე, რომელიც იმ პერიოდში შეიქმნა, თევზაძისა და მისი კანცლერის, ამჟამად პარლამენტარი სერგო რატიანის ხელმოწერაა. საგამოძიებო ორგანოებმა უკვე შეისწავლეს გიგი უგულავას კორუფციულ საქმიანობა. სულ მალე, ისინი აუცილებლად ამოსწევენ ანალოგიურ ბრალდებებს გიგი თევზაძის, სერგო რატიანის, გია ნოდიას და ამ გუნდის სხვა წევრებზე.
 
ნელი თორდია
 
Comments


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.