Georgian Russian
„მოვიდნენ და შეამოწმონ!“ - როგორ გადაიქცა რამაზ ნოზაძის ცეცხლსასროლი იარაღი სათამაშო პისტოლეტად, არაყი კი ლიმონათად!
Friday, 27 November, 2015 - 19:14
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში რამაზ ნოზაძემ თავის სოციალურ გვერდზე დადო ფოტო, სადაც იგი იმყოფება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მანუჩარ კვირკველიას ოთახში, ხელში იარაღითა და არყის ჭიქით. მოგვიანებით მან მინაწერიც გააკეთა, სადაც განმარტა, რომ რომელ კაცს არ უყვარს იარაღიო. კაცს შეიძლება ბევრი რამე უყვარდეს, მაგრამ საჯარო მოხელის თმენისა და  ქცევის კოდექსიდან გამომდინარე, ამით არ აპელირებს  და მითუმეტეს, ფოტოსესიებს არ აწყობს. შედეგად, მედიაში ატყდა ერთი ამბავი, განსაკუთრებით მას მერე, რაც  შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა ჩინოსანმა ამ ფაქტს შემდეგი შეფასება მისცა: „მასხარები!“ ვის გულისხმობდა ამაში - რამაზ ნოზაძეს,  მანუჩარ კვირკველიას თუ ორივეს ერთად, დეტალებს არავინ ჩაღრმავებია. ქარმა სულ სხვა მხრიდან დაუბერა, როდესაც დაისვა კითხვა:  რა უნდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის  კაბინეტში მოჭიდავეს (ალკოჰოლს კიდევ არაუშავს) იარაღით ხელში, როდესაც კვირკველიას არც ტარების და არც შენახვის უფლება არ აქვს. ეს ხომ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია!
კიდევ უფრო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია რამაზ ნოზაძის განმარტებამ, რომელიც მან თავის მიერ დადებულ ფოტოს დაურთო:
„რაც შეეხება ფოტოს. ძალიან მომწონს და კაცს ვერ ნახავ საქართველოში, იარაღი რომ არ მოსწონდეს. ეს ჩემგან მშვენიერი სახალისო ფოტოა და მე ამას სერიოზულად ვერ აღვიქვავ. მოჭიდავეები სიტყვის ხალხი ვართ და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობა რამეს არასწორად იქცევა. ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ პატრიოტები“ - წერს რამაზ ნოზაძე.
არადა, სახალისო ფოტო იქნებოდა იმ შემთხვევაში,  რამაზ ნოზაძე თავის აგარაკზე ანდა საკუთარ პერიმეტრზე მოწყობილიყო ზემოხსენებული ატრიბუტიკით, და არა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის კაბინეტში.  თუმცა აქაც სადაო ერთი რამ - სპორტსმენი, რომელიც მომავალ თოაბას ზრდის და ბავშვებთან აქვს საქმე, არ უნდა იძლეოდეს მაგალითს იარაღით ხელში. თან მინაწერით, რომ რომელ კაცს არ უყვარს ან ერთი,  ან მეორე. 
Mediacity.ge ჭიდაობის ფედერაციის  პრეზიდენტის მანუჩარ კვირკველიას აზრითაც დაინტერესდა. 
- ბატონო მანუჩარ, რამაზ ნოზაძეს რა უნდა თქვენს კაბინეტში იარაღით ხელში?
- რამაზ ნოზაძემ სათამაშო რომ უყიდა ჩემს ბავშვს, მაგაზეა საუბარი?!
- მსოფლიო ჩემპიონი სათამაშო იარაღით ერთობა ანუ?
- აი... არა, მე არ ვაკეთებ კომენტარს.
- დამიფიქსირეთ თუ შეიძლება, ეს იარაღი რომელიც რამაზ ნოზაძეს ხელში უჭირავს, არის სათამაშო?
- არაფერსაც არ ვაფიქსირებ. მე მაინტერესებს... ისა, მოვიდნენ, შეამოწმონ, ნახონ და.... ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, არაფერს იმას არიმასვშვებით. ჩემი კაბინეტი ყველასთვის ღიაა. არა აქვს მნიშვნელობა ვინ შედის და ვინ გამოდის.
- ეს როგორ?
- როგორ და, თუ ვინმესთვის შეუღწეველი იყო ეს ადგილი, ყველას შეუძლია შევიდეს და გამოვიდეს როცა უნდა. 
ახლა ასეთი რამე წარმოიდგინეთ, რომ რამაზ მოზაძეს სათამაშო პისტოლეტი უჭირავს და ამ „ხლაპუშკაზე“ წერს, რომ რომელ კაცს არ უყვარს იარაღიო. მანუჩარ კვირკველიასთვის რომ გვეკითხათ, ჭიქაშიც არაყი კი არა, ლიმონათი ესხმებოდა მსოფლიო ჩემპიონს. 
 
ქეთი შენგელია
 
Comments


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.